Friday 9 August 2019

კიროვის მკვლელობა: როგორ დაიწყო "დიდი ტერორი" საბჭოთა კავშირში

1934 წლის 29 ნოემბერს გაზეთლენინგრადის სიმართლეშიგანცხადება გამოქვეყნდა: „პირველ დეკემბერს, 18 საათზე, ლენინგრადში, თავრიდის სასახლეში, პარტაქტივის კრება შედგება, განხილული იქნება საკავშირო კომუნისტური პარტიის ნოემბრის პლენუმის შედეგები. სიტყვით გამოვა კომუნისტური პარტიის ლენინგრადის საოლქო კომიტეტის მდივანი ამხანაგი სერგეი კიროვი. შესვლა მოსაწვევი ბილეთებით
პარტიის კრება ხელსაყრელი მომენტი იყო ერთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად: ლენინგრადის პარტიის ისტორიის ინსტიტუტის ყოფილი თანამშრომელი ლეონიდ ნიკოლაევი სერგეი კიროვის მოსაკლავად ემზადებოდა. თავრიდის სასახლეში შესასვლელად სათანადო ბილეთის აღება იყო საჭირო, ამისათვის ის 1 დეკემბერს, 13:30 -ზე სმოლნიში (შენობა, სადაც ლენინგრადიის კომუნისტური პარტის საოლქო კომიტეტი იყო განთავსებული, აქვე იყო კიროვის სამუშაო ოთახი) მივიდა. მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ნიკოლაევმა ნებართვა ვერ მიიღო, უთხრეს რომ სამი საათის შემდეგ დაბრუნებულიყო.
იმ დღეს სერგეი კიროვი პირდაპირ თავრიდის სასახლეში აპირებდა გამგზავრებას, თუმცა მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა: 16 საათზე მძღოლს დაურეკა და უბრძანა მზად ყოფილიყო სმოლნიში გასამგზავრებლად. კიროვი დაუყოვნებლივ გამოვიდა სახლიდან, მზიანი მაგრამ სუსხიანი დღე იყო, საკმაო მანძილი ფეხით გაიარა, ხოლო შემდეგ კი შეთანხმებულ ადგილზე ავტომობილში ჩაჯდა და სმოლნისაკენ გასწია. ხელში საბუთების დასტა ეჭირა.
როდესაც კიროვი სმოლნიში მივიდა, ნიკოლაევი უკვე იქ იყო, ის შეთანხმებისამებრ უკან დაბრუნდა მოსაწვევის ასაღებად. მესამე სართულზე მყოფი ნიკოლაევი ტუალეტიდან გამოდიოდა, მან ორი-სამი ნაბიჯი გადადგა მარცხნივ, მოულოდნელად მისკენ მომავალი სერგეი კიროვი დაინახა. ნიკოლაევი სწრაფად შებრუნდა ზურგით, როდესაც კიროვმა გვერდით ჩაუარა უკან გაჰყვა, 10-15 ნაბიჯის მოშორებით. კორიდორის ეს ნახევარი ცარიელი იყო, დაცვის უფროსი ბორისოვი საკმაო მანძილით იყო უკან. ნიკოლაევი მიხვდა, რომ განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ყველაზე შესაფერისი დრო დადგა. მან  ნაბიჯს აუჩქარა, თან პალტოში დამალულ ნაგანს ხელს უჭერდა. დარჩენილი ხუთი ნაბიჯი სწრაფად დაფარა და სერგეი კიროვს კეფაში დაახალა ტყვია. დერეფანში სამი გასროლა გაისმა. პირველსავე გასროლაზე სერგეი კიროვი მოწყვეტით დაეცა ძირს, საბუთები აქეთ - იქეთ მიმოიფანტა. კაბინეტებიდან ხალხი გამოცვივდა. ნიკოლაევი თავადაც აპირებდა საფეთქელში ტყვიის დახლას, თუმცა დერეფანში მომუშავე ელქტრომემონტაჟემ მას სახეში სახრახნისი ესროლა და თვითმკვლელობისათვის განკუთვნილი ტყვია სადღაც სხვა მიმართულებით გავარდა...
-„მე შური ვიძიე“ - ნერვიული ხმით გაჰკიოდა ნიკოლაევი,- „მე შური ვიძიე“.. შემდეგ კი გონება დაკარგა და ძირს დაეცა.
გასროლა 16 საათსა და 37 წუთზე მოხდა. ეს ერთადერთი წარმატებული ტერორისტული აქტი იყო, რომელიც საბჭოთა ლიდერის წინააღმდეგ განხორციელდა, თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა, კიროვის მკვლელობა მასობრივი სისხლიანი რეპრესიების პრელუდიად იქცა

"კიროვის პროცესია", თავრიდის სასახლე (წყარო იხ. ბმული)

 

 სერგეი კიროვი და ლეონიდ ნიკოლაევი

სერგეი კიროვი, რომელსაც ტროცკისაშუალო დონის ბრიყვად" მოიხსენიებდა აღზევებას 1926  წლიდან იწყებს, მას შემდეგ რაც სტალინთან სიახლოვის წყალობით ლენინგრადის გუბერნიაში, პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანი გახდა. თუმცა ამ დრისათვის მას რევოლუციური და პარტიული საქმიანობის საკმაოდ ხანგრძლივი გზა ქონდა გამოვლილი. ის 1886 წელს ვიატსკის გუბერნიაში დაიბადა, მისი ნამდვილი გვარი კოსტრიკოვი იყო. 1904 წლიდან რევოლუციურ საქმიანობაში ჩაერთო. იოსებ სტალინმა ის ჯერ კიდევ 1917 წელს გაიცნო: კიროვი საბჭოების ყრილობაზე კავკასიურ დელეგაციას წარმოადგენდა. სტალინს მოეწონაგულღია, ცისფერთვალება ახალგაზრდა“,  1918 წელს ის კიროვს სარეკომენდაციო წერილს უწერს, სადაცსრულ ნდობასუცხადებს. სერგეი კიროვმა გაამართლა სტალინის სიმპათიები და უხვად აწვდიდა მას ინფორმაციას რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ. კიროვმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამიერკავკასიის გასაბჭოებაში, ის იყო 1921 წელს აზერბაიჯანის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. კიროვმა 1926 წლიდან ლენინგრადში გადაინაცვლა და სტალინის საძულველი ზინოვიევი შეცვალა. ეს უკანასკნელი 1918 წლიდან მუშაობდა ამ პოსტზე და თანამდებობებზე მრავლად ჰყავდა თავისი ერთგული კადრები. სტალინს სანდო ადამიანი სჭირდებოდა, რომელიცავგიას თავლებსდაასუფთავებდა.  უდავოა, რომ კიროვი ბელადთან ვალში იყო, თავად სტალინს კი სჭირდებოდა ერთგულიყმები“, რათა გაენადგურებინა ოპოზიცია და უკონტროლო ძალაუფლება ეგდო ხელთ. 1930 წელს კიროვი ცენტალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი გახდა.
იოსებ სტალინი და სერგეი კიროვი (წყარო იხ. ბმული)
როგორც თანამედროვეები აღნიშნავდნენ, სტალინი, რომელიც არავის ენდობოდა, მეუღლის თვითმკვლელობის შემდეგ (1932 .)  კიდევ უფრო დაუახლოვდა კიროვს. მოსკოვში  ვიზიტის დროს კიროვი ხშირად სტუმრობდა გენერალურ მდივანს და მის ბინაშიც რჩებოდა, ერთად დადიოდნენ ფინურ აბანოში. 1934 წელს, ორი კვირის განმავლობაში კიროვი სტალინის მიწვევით სოჭში, მის აგარაკზე ცხოვრობდა. ისინი განიხილავდნენ საბჭოთა კავშირის ისტორიის სახელმძღვანელოს, ბანაობდნენ, თამაშობდნენ ბილიარდს.
სერგეი კიროვი ოჯახურ ცხოვრებაში არცთუ ბედნიერი იყო, მისი მეუღლე- მარია ლვოვის ასული მარკუსი მასზე ოთხი წლით უფროსი იყო.  კიროვი ადრე დაოჯახდა, დაპატიმრება, ციხეები, გადასახლებები, მასთან ერთად გამოიარა მისმა მეუღლემ მარიამ. მათ ერთმანეთი 1905 წელს გაიცნეს ვლადიკავკაზში. მარია შავგრემანი, მომხიბლავი ქალი იყო, კიროვის წინადადების შემდეგ ბევრი არ უფიქრია და ცოლად გაჰყვა. კიროვმა ადრევე დაკარგა ცოლის მიმართ ინტერესი, ოჯახი უშვილო იყო, მარია მუდმივად ავადმყოფობდა, იტანჯებოდა უძილობით, დიდ დროს ატარებდა სანატორიუმებში.
კიროვს, როგორც კომუნისტური პარტიის ისტებლიშმენტის სხვა წევრებს, მრავლად ჰყავდა საყვარლები. ისინი სოლიდურ თანხებს ხარჯავდნენ მათზე, უწყობდნენ საღამოებს, უშენებდნენ ვილებს. კიროვის საყვარლებს შორის მრავლად იყვნენ პეტერბურგის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალერინები (შემდეგ ამ თეატრს კიროვის სახელი მიანიჭეს). მრავალრიცხოვან საყვარლებს შორის კი მოკრძალებული ადგილი ეჭირა მილდა დრაულას, ახალგაზრდა ქალს, რომელიც სმოლნიში კიროვის სამდივნოში მუშაობდა. მილდა დრაულამ კიროვის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშა.

                   *     *      *      *     *      *      *       *       *
1925 წელს 21 წლის ლეონიდ ნიკოლაევი პეტერბურგის მახლობლად ქალაქ ლუგაში, ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირში სტენოგრამისტად მუშაობდა.  რევოლუციური სულისკვეთების ახალგაზრდისათვის სამუშაო არცთუ მიმზიდველი იყო, თუმცა არც ნიკოლაევი მიაგავდა დიდად რევოლუციურ რაინდს: ის სულ 150 სანტიმეტრი სიმაღლისა იყო, ვიწრო მხრებით, ჩავარდნილი მკერდით, გრძელი ხელებით და მოკლე ფეხებით. ყოველივე ეს ბავშვობაში გადატანილი რახიტის შედეგი იყო, რის გამოც ნიკოლაევმა გიმნაზიის საწყისი კურსის დასრულებაც ვერ შეძლო (11 წლის ასაკამდე გადაადგილებაც უჭირდა). ნიკოლაევი 1904 წელს პეტერბურგში, მუშის ოჯახში დაიბადა, საკმაოდ რთული, დუხჭირი ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი.
ნიკოლაევი ლუგაში საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, სადაც გაიცნო მომხიბვლელი ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ლატვიელი მილდა დრაულა, რომელიც მასზე სამი წლით იყო უფროსი. ამ უკანასკნელმა დაბალი წარმოშობის მიუხედავად ქალთა გიმნაზიისა და რელური სასწავლებლის დასრულება მოახერხა. 1919 წელს კომუნისტურ პარტიაში შევიდა (ნიკოლაევი 1924 წელს შევიდა) და ლუგის პარტიის უჯრედში დაიწყო მუშაობა. ის ტანმორჩილი ქალი იყო, მაგრამ ძალიან მომხიბვლელი, ქერა თმებით, ცისფერი თვალებით. ნიკოლაევს გულში ჩაუვარდა ქალი და სამ თვეში ცოლობა სთხოვა, თუმცა ეს უკანასკნელი მყისიერად როდი დათანხმდა: მილდას არ სურდა მიყრუებულ ლუგაში ცხოვრება და პეტერბურგში დედასთან აპირებდა დაბრუნებას. მაშინ ნიკოლაევმა ულტიმატუმი წაუყენა, თუკი ცოლად არ გაჰყვებოდა, თავს მოიკლავდა. როგორც მრავალი ქალისათვის, ასევე მილდასთვის საბედისწერო სიყვარულის იდეა მიმზიდველი აღმოჩნდა და ნიკოლაევს თანხმობა მისცა .
მილდა დრაულა და ლეონიდ ნიკოლაევი (წყარო იხ. ბმული)
1925 წელს დრაულა და ნიკოლაევი ლენინგრადში ცოლ-ქმრის სტატუსით ჩავიდნენ. სამუშაო ძნელი საშოვნელი აღმოჩნდა, ნიკოლაევს მძიმე ფიზიკური მუშაობა არ შეეძლო, არაფიზიკური სამუშაო კი განათლებას მოითხოვდა, რაც მას არ ჰქონდა. გამოსავალი პარტბილეთი იყო, რომლის დახმარებით ნებისმიერი კარი იღებოდა.  პარტიულ კარიერაში ნიკოლაევსსათანადო სოციალურმა წარმომავლობამაცშეუწყო ხელი. ნერვიული და საკუთარ თავზე შეყვარებული ნიკოლაევი ხშირად იცვლიდა ადგილებს, ლანძღავდა უფროსობას, წერდა საჩივრებს, საღამოობით კითხულობდა ლენინის თხზულებებს და თავი სხვებზე განათლებულად მოჰქონდა.
1929 წელს მილდამ ძველი ნაცნობობის წყალობით ლენინგრადის საოლქო კომიტეტში დაიწყო მუშაობა. სწორედ აქ შეამჩნია ის სერგეი კიროვმა, მალე მათ შორის სერიოზული რომანი გაჩაღდა. კიროვმა ქალი დააწინაურა კიდეც და ხელფასიც მოუმატა.
კიროვის მრავალრიცხოვანი საყვარლები, რომლებიც მეტწილად ლენინგრადის თეატრის მსახიობები და ბალერინებ იყვნენ, მილდას ერთგვარ კონკურენტადაც კი აღიქვამდნენ.
თანამედროვეთა ცნობით, ლეონიდმა ანონიმური წერილი მიღო, რომელიც მისი მეუღლის და სერგეი კიროვის სასიყვარულო კავშირის შესახებ აუწყებდა.
1934 წლის აპრილში ლენინგრადის პარტიის ისტორიის ინსტიტუტში ინსტრუქტორის პოზიციაზე დასაქმებული ნიკოლაევი თანამდებობიდან გაათვისუფლეს და პარტიიდან გარიცხეს... საერთოდ საკითხავი იყო, როგორ მოხვდა ოთხი კლასის განათლების მქონე ადამიანი სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ინსტრუქტორის პოზიციაზე. არ არის გამორიცხული, აქ მილდას თხოვნით, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სერგეი კიროვმა. ნიკოლაევმა პარტიაში აღდგენა მოახერხა, თუმცა ინსტიტუტში დაბრუნებაზე კატეგორიული უარი უთხრეს. ნიკოლაევს ქარხანაში დასაქმებას სთავაზობდნენ, თუმცა მუშად მუშაობა არ სურდა. მკვლელობის ჩადენის დროს ის უმუშევარი იყო. ოჯახს ორი შვილით მილდა არჩენდა.
 მათთვის (პარტიული ლიდერებისათვის) გარაჟებია ავტომობილებით, ჩვენთვის - მხოლოდ ობიანი პური,“ -წერდა თავის დღიურში განაწყენებული ნიკოლაევი.  


ცენტრალური ხელისუფლება "შეთქმულთა ძიებაში"

კიროვის მკვლელობის ამბის შეტყობის შემდეგ სტალინმა ბრძანება გასცა დაუყოვნებლივ მოემზადებინათ სამგზავრო მატარებელი და 2 დეკემბერს ვოროშილოვთან, ჟდანოვთან, მოლოტოვთან, იაგოდასა და ეჟოვთან ერთად სასწრაფოდ გაემგზავრა ლენინგრადში.  სმოლნიში შესვლის შემდეგ იაგოდა წინ გაუშვა, შინსახკომის მმართველმა დერეფანში მყოფი ყველა პირი ზურგით კედლისაკენ დააყენა, ხელები თავზე შემოაწყობინათ და გენერალურ მდივანს გზა გაუთავისუფლა.
ნიკოლაევი უკვე დაკავებული იყო. ის დაკავების შემდეგ კვლავ გაჰკიოდა: „ჩემი გასროლის ხმა მთელ მსოფლიოში გაისმა“.  სტალინი პირადად დაესწრო ნიკოლაევის დაკითხვას, თვითმხილველთა ცნობით დაკავებული  ბელადს საკმაოდ თავხედურად ესაუბრა. ნიკოლაევი კვლავ საკანში დააბრუნეს.  შინსახკომის ერთერთი თანამშრომლის ცნობით, რომლიც ნიკოლაევის საკანს იცავდა, ამ უკანასკნელმა შემდეგი სიტყვები თქვა:
სტალინი მე სიცოცხლეს დამპირდა, მაგრამ რა სისულელე ირწმუნო დიქტატორის... ის დამპირდა სიცოცხლეს თუკი თანამზრახველებს გავცემ... მე არ მყავს თანამზრახველები.“
 სამაგიეროდ სტალინს მკვლელობის თანამონაწილეები უკვე შერჩეული ჰყავდა.
მეორე დღეს საბჭოთა გაზეთები უკვე იტყობინებოდნენ კიროვის დაღუპვის შესახებმუშათა კლასის მოღალატის ხელით“.  ამაში არაფერი იყო გასაკვირი: სტალინის პოლიტბიუროს წევრი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ან ეჭვიანი ქმრის ხელით ვერ დაიღუპებოდა, ეს მხოლოდმზაკვარ მტერსშეიძლებოდა გაეკეთებინა. სხვა ვერსია არა მარტო კიროვის, არამედ რეჟიმის დისკრედიტაცია იყო.
სტალინი 3 დეკემბერს მოსკოვში დაბრუნდა და საქმის ფაბრიკაცია დაიწყო. მან შინსახკომის ხელმძღვანელს იაგოდას და ცენტრალური კომიტეტის წევრს - ეჟოვს დაავალა მკვლელის თანამოაზრეების ზინოვიევის მომხრეთა შორის ეძებნა. ეს არც ისე მარტივი საქმე იყო. შინსახკომის მონაცემებით ნიკოლაევი არა თუ ოპოზიციონერი არ იყო, არამედ კვალიც კი არ ჩანდა, რომ ოპოზიციონერებს თანაუგრძნობდა. როგორც მასალებიდან ჩანს, სტალინმა თავად განსაზღვრა სასამართლო სხდომის სცენარი და ბრალდებულებიც თვითონ შეარჩია. სტალინს სურდა კვალი ძველ პოლიტიკურ მეტოქეებთან, ზინოვიევსა და კამენევთან მიეყვანა და პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა მათთვის დაეკისრებინა. გარდა ამისა, მკვლელობა კარგი საბაბი იყო ოპოზიციურად განწყობილი ზინოვიევის მრავალრიცხოვანის მომხრეების .. „ზინოვიეველებისგასანადგურებლად.
ჯერ კიდევ მკვლელობის მეორე დღეს იგეგმებოდა დაცვის უფროსის ბორისოვის დაკითხვა. თუმცა ბორისოვი უცნაურ სიტუაციაში დაიღუპა. ის შინსახკომის თანამშრომლებს სატვირთო მანქანის საბარგულით მიჰყავდათ დაკითხვაზე. ოფიციალური ვერსიით, გზად მანქანა მოსრიალდა, ბორისოვი გადმოვარდა და თავი განათების ბოძს მიარტყა, შემდეგ კი ტროტუარზე დაეცა. ის საავადმყოფაში მიყვანის შემდეგ, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.  ხელოსნები, რომლებიც კიროვის მკვლელობის მოწმენი იყვნენ დააპატიმრეს და მალე  უკვალოდ გაქრნენ. იაგოდა ამტკიცებდა, რომ გამოძიება სწორი გზით მიდიოდა. მალე დაიწყო დაპატიმრებები ზინოვიევის მომხრეთა შორის. „იპოვესშეთქმულთა  . . „ლენინგრადის ცენტრი“, შემდეგ კიმოსკოვის ცენტრი“.
6 დეკემბრამდე ნიკოლაევი ამტკიცებდა, რომ მარტო მოქმედებდა, ამის შემდეგ პირველი თანამზრახველები გამოჩნდნენ. დააპატიმრეს 13 ადამიანი, რა თქმა უნდა ზინოვიეველთა ბანაკიდან. 18 დეკემბერს გაზეთილენინგარდის სიმართლეზინოვიევსა და კამენევსფაშისტ კურდღლებადმოიხსენიებდა და კიროვის მკვლელობასთან კავშირში სდებდა ბრალს. ლეონიდ ნიკოლაევის დასაკითხად მრავალფეროვან მეთოდებს მიმართავდნენ, ზეწოლასა და წამებას დაპირებები და პატიმრობის პირობების შემსუბუქება მოსდევდა.
1934 წლის 28 დეკემბერს სსრკ- უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გასვლითი სხდომა გაიმართა. თავმჯდომარე ვასილი ულრიხი სასამართლოს დაწყებამდე სტალინს შეხვდა, ამ უკანასკნელმა თოთხმეტივე ბრალდებულის დახვრეტა მოითხოვა. სასამართლო 29 დეკემბერს 06:40 -ზე დასრულდა. ნიკოლაევი თავიდან მშვიდად იყო, მას თანამშრომლობის სანაცვლოდ 3-4 წლით ბანაკში გადასახლებას დაჰპირდნენ, როდესაც ყველა ბრალდებულს სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს, წყობიდან გამოვიდა, თავს ბარიერს ურტყამდა და ყვიროდა: „მომატყუეს... რა სისასტიკეა... მომატყუეს..“ ცამეტივე თანამზრახველობაში ბრალდებულმა პირმა ბრალი უარყო. დაეჭვებულმა ულრიხმა სტალინს ჰკითხა: ხომ არ სჯობდა საქმეები თავიდან გამოეკვლიათ? „რა უნდა გამოგვეკვლია?! არავითარი გამოძიება! დაასრულეთ!“,  ასეთი იყო გაღიზიანებული სტალინის პასუხი. ერთი საათის შემდეგ ყველა ბრალდებული დახვრიტეს.

"ნიკოლაევის საქმე" (წყარო იხ. ბმული)


ბელადის შიშები

თანამედროვეთა ცნობით, კიროვის მკვლელობის ამბის შეტყობინების შემდეგ სტალინი აღელვებას და ვერ მალავდა. მისი უნდობლობა და შიში გარშემომყოფების მიმართ კიდევ უფრო გაღრმავდა. მკვლელობის დღესვე, 1 დეკემბერს, ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმმა სისხლის სამართლის კოდექსშიდრაკონული ცვილილებებიშეიტანა. ცვლილებები შეეხებოდა ტერორისტული აქტების მომზადებას და განხორციელებას. კერძოდ:

  • ძიება უნდა დასრულებულიყო ათ დღეში
  • ბრალდება ბრალდებულებს საქმის განხილვამდე ერთი დღით ადრე უნდა ჩაბარებოდათ.
  • საქმე უნდა განხილულიყო მხარეთა მონაწილეობის გარეშე.
  • კასაცია და შეწყალების შუამდგომლობა არ დაიშვებოდა.
  • განაჩენი-სასჯელის უმაღლესი ზომა დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო.
 კანონი მოქმედების უზარმაზარ თავისუფლებას აძლევდა ხელისუფლებას, ხოლო ბრალდებულს კი თავის მართლების შანსს აღარ უტოვებდა. კანონი მაშინვე გადაიქცა ხელისუფლების ხელში მძლავრ რეპრესიულ იარაღად.
საინტერესოა სტალინის დამოკიდებულება უშიშროების ორგანოებთან. ადმირალ ისაკოვის მოგონებით, კიროვის სიკვდილის შემდეგ, სტალინის ბრძანებით კრემლის ერთერთ დარბაზში ვახშამი იქნა ორგანიზებული. დარბაზამდე მისასვლელად, საკმაოდ გრძელი, მიხვეულ მოხვეული კორიდორი იყო. ყველა მოსახვევში შინსახკომის მორიგე ოფიცრები იდგნენ. წვეულების დროს სუფრაზე მსხდომმა სტალინმა თქვა: „ხედავთ, რამდენი დგანან? მიდიხარ კორიდორში და ყოველ ჯერზე ფიქრობ: რომელი მათგანი?! თუ ესაა მაშინ ზურგში გესვრის, თუკი კუთხესთან ხარ და უხვევ, მაშინ სახეში...“  ნათქვამიდან ჩანდა, რომ შინსახკომის თანამშრომლები მზად იყვნენ ხელმძღვანელის ყველა ბრძანება უსიტყვოდ შეესრულებინათ, სტალინი კი შინსახკომის მმართველს იაგოდას არ ენდობოდა.
კიროვის მკვლელობამდე სტალინი ხშირად შეიძლებოდა ენახათ არბატზე გენერალ ვლასიკთან (დაცვის უფროსი) და დაცვის ორ წევრთან ერთად. ის კომუნალურ ბინებშიც კი სტუმრობდა თანამშრომლებს, საბჭოთა მწერლებს და . . შინსახკომის თანამშრომლებს, ვეტერანებს  „საპატიო ჩეკისტის“  სამკერდე ნიშნით, მრავალ დაწესებულებაში შეეძლოთ შესვლა. მთელი ეს სისტემა დაუყოვნებლივ შეიცვალა და ყველგან უპრეცენდენტო შეზღუდვები და კონტროლი დაყარდა, რომელიც აღარ შესუსტებულა.





მკვლელობის ვერსიები

 

1. მარტოხელა ტერორისტი. 

 ფაქტზე, რომ ნიკოლაევი მარტო მოქმედებდა მრავალი რამ მიუთითებს: ლეონიდ ნიკოლაევმა რთული გზა გაიარა:  1934 წელს მისი როგორც პირადი, ასევე სამსახურეობრივი საქმიანობა არეული იყო: სამსახურიდან გამოაგდეს, კომუნისტურ პარტიაზე განაწყენებული იყო, მოსდიოდა ინფორმაცია საკუთარი მეუღლის ღალატის შესახებ. მომავალი მკველელი დეპრესიაში იყო. მილდა დრაულას ჩვენებით:
 „ის კითხულობდა წიგნებს და აკეთებდა შენიშვნებს, რამდენჯერმე დაწერა თავისი ავტობიოგრაფია... უკმაყოფილო იყო პარტიიდან გარიცხვის გამო, თუმცა ეს უკმაყოფილება არასოდეს ატარებდა ანტისაბჭოთა ხასიათს.  ის განაწყენებული იყო. ბოლო ხანებში ძალიან დათრგუნული ჩანდა, დუმდა, არავის ეკონტაქტებოდა. მისი მდგომარეობაზე გავლენას ახდენდა მატერიალური მდგომარეობა და ისიც, რომ საშუალება არ ჰქონდა ოჯახს ეკონომიკურად დახმარებოდა
არსებობს მტკიცებულებები იმისა, დათრგუნულმა, ეჭვისა და წყენისაგან გაუბედურებულმა ადამიანმა, რამდენჯერმე სცადა კიროვის მოკვლა. 1934 წლის 15 ოქტომბერს ნიკოლაევმა პირველად სცადა ჩანაფიქრის განხორციელება, ამ მიზნით შეიარაღებული კიროვის სახლთან მივიდა; დაცვა ფხიზლად იყო -  ნიკოლაევი დააკავეს, თუმცა ლენინგრადის შინსახკომმა ის მალევე გაუშვა, დაკავებული კომუნისტური პარტიის წევრი იყო, იარაღი დიდი ხნის შეძენილი იყო (1918 ) და ტარების უფლებაც ჰქონდა, სხვა საფუძველი მის წინააღმდეგ არ არსებობდა. 14 ნოემბერს ვაგზალზე სცადა გეგმებს სისრულეში მოყვანა, ამჯერადაც უშედეგოდ.  1 დეკემბერს სმოლნიში თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანა. შენობაში შესვლა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენდა: პარტბილეთიც საკმარისი იყო.



2. სტალინის ხელი.

 ის ფაქტი, რომ სტალინმა საქმის ფაბრიკაცია მოახდინა და თავისი მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად გამოიყენა არავითარ ეჭვს არ ტოვებს. მაგრამ მოკლეს თუ არა კიროვი უშუალოდ სტალინის დავალებით და ამ გზით სურდა თუ არა მას ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა, ეს საკითხი დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა.
საინტერესოა ერთი საკითხი, საკავშირო კომუნისტური პარტიის XVII ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობის არჩევის დროს, 1059 დელეგატიდან 292-მა სტალინის წინააღმდეგ მისცა ხმა. შედეგები გააყალბეს, კომისიის 63 წევრიდან 60 დახვრიტეს. სტალინისათვის ცნობილი გახდა, რომ კიროვის წინააღმდეგ მხოლოდ 4 ხმა იყო. სრულიად მოსალოდნელი იყო გენერალური მდივნის პოსტი ლენინგრადის საოლქო კომიტეტის ხელმძღვანელს დაეკავებინა, საფრთხე ცხადი იყო. კიროვის მეგობრების მოგონებებით, თავად კიროვი თვლიდა, რომ სტალინი კენჭისყრის შედეგებს მას არ აპატიებდა.
გარდა ამისა, მას შემდეგ რაც ლეონიდ ნიკოლაევი კიროვის სახლთან დააკავეს, ის უშუალოდ შინსახკომის უფროისის მოადგილის ზაპოროჟცის მითითებით გაათავისუფლეს, რაც აჩენს ეჭვს, რომ მკვლელობა შინსახკომის მიერ იყო წაქეზებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაცვის უფროსი ბორისოვი უცნაურ ვითარებაში დაიღუპა. მძღოლი ამტკიცებდა ( ხრუშჩოვის პერიოდში), რომ ავარია პროვოცირებული იყო, ხოლო ბორისოვი მანქანის საბარგულზე მოკლეს. შინსახკომის თანამშრომელი, რომელიც ბორისოვს ახლდა ამბის შედეგების მიჩქმალვის მიზნით დახვრიტეს.
თუკი ამ ვერსიას ვირწმუნებთ, გამოდის რომ სტალინმა შინსახკომის ხელით მოიცილა მისი მეგობარი (და კონკურენტი!), შემდეგ კი ეს საბაბად გამოიყენა, რომ მოწინააღმდეგეებს გასწორებოდა.

 

3. ოპოზიციის შეთქმულება

 დაკავების დროს ნიკოლაევს უბის წიგნაკში გერმანიის კონსულის ნომერი უპოვეს. ის რამდენჯერმე ეწვია საკონსულოს, ერთხელ კი, მოწმეების ცნობით, მაღაზიაში  საქონელს გერმანული მარკებით ყიდულობდა. აქედან გაჩნდა ეჭვი ნიკოლაევის გერმანიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ, რომელთა კავშირში შინსახკომის თანამშრომლები და ლენინგრადის პარტიული ოპოზიცია იყვნენ. იყვნენ, მაგ. ზაპოროჟცი, რომელმაც ნიკოლაევი გაათავისუფლა (ამ ვერსიის მიხედვით, ზაპოროჟცი ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობდა, მოგვანებით ის და მისი ხელმძღვანელი მედვედი დააპატიმრეს და დახვრიტეს).
ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ  სტალინი კიროვს პოლიტიკურ მემკვიდრედ მოიაზრებდა, ამ უკანასკნელის მკვლელობა კი სტალინის პოლიტიკურ დაჯგუფებზე მნიშვნელოვანი დარტყმა უნდა ყოფილიყო. პირდაპირი, დამაჯერებებელი მტკიცებულებები ამ ვერსიის გასამყარებლად არ არსებობს.

                   *     *      *      *     *      *      *       *       *

ლეონიდ ნიკოლაევის დახვრეტიდან რამდენიმე თვეში დახვრიტეს მისი მეუღლე მილდა დრაულა დედასთან ერთად, ასევე ლეონიდ ნიკოლაევის დედა და ძმა. მოგვიანებით დაწყებულ მასშტაბურ რეპრესიებს კი მათი მათ ბიძაშვილები და შორეული ნათესავებიც კი შეეწირნენ.
1935 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ლენინგრადში 35 000 ადამიანი დააპატიმრეს.
1935 წლის იანვარში ზინოვიევსა და კამენევს პატიმრობა მიუსაჯეს. მათ მკვლელობის პოლიტიკური მხადაჭერა და წაქეზება ედებოდათ ბრალად. სტალინი მალე აღარ დააკმაყოფილა იდეამ იმის შესახებ, რომ მტრები მხოლოდ ზინოვიეველები არიან. მას პარტიაში არსებული სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც აღელვებდა, ამიტომ სურდა ყველას ერთად გასწორებოდა. ის მიიჩნევდა, რომ ტერორი და შეთქმულება ნებისმიერი მათგანისაგან იყო მოსალოდნელი  და რეპრესიების სამიზნე ჯგუფი უნდა გაფართოებულიყო.  

გამოყენებული მასალა:
  • პოპოვი. „ორი პეტერბურგელი
  • . პომერანციკიროვის მკვლელობა
  • . ხლევნიუკიკიროვის მკვლელობა
  • . ემელიანოვიკიროვის მკვლელობის მიზეზები და შედეგები
  • . სუდოპლატევიკიროვის მკველობა, მითები და რეალობა

No comments:

Post a Comment