1952 წლის ოქტომბერში საკავშირო კომუნისტური პარტიის XIX
ყრილობა გაიმართა. იოსებ სტალინი ხანმოკლე მოხსენებით გამოვიდა, ეს მისი უკანასკნელი
საჯარო გამოსვლა იყო. პლენუმს გიორგი მალენკოვი ხელმძღვანელობდა. პლენუმის მონაწილის
ლეონდ ეფიმოვის მოგონებით, ყველასათვის მოულოდნელად იოსებ სტალინმა გენერალური მდივნის
თანამდებობაზე უარი განაცხადა: „გამათავისუფლეთ მე ცენტრალური კომიტეტის გენერალური
მდივნის და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობებიდან“. დარბაზში უცნაური სიჩუმე
გამეფდა მალენკოვი სასწრფოდ მივიდა ტრიბუნასთან და შეკრებილებს მიმართა: „ამხანაგებო!
ჩვენ ყველამ ერთხმად და ერთსულოვნად უნდა ვთხოვოთ ამხანაგ სტალინს, ჩვენს მეგობარსა
და მასწავლებელს იყოს პარტიის გენერალური მდივანი!“ გამოსვლას მქუხარე აპლოდისმენტები
მოჰყვა. სტალინი ტრიბუნასთან მივიდა და თქვა: „მეგობრებო, აპლოდისმენტები არ არის საჭირო,
საკითხები ემოციების გარეშე, საქმიან გარემოში უნდა გადავწყვიტოთ! გთხოვთ გამათავისუფლოთ
გენერალური მდივნის და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციებიდან. მე უკვე მოხუცი
ვარ, ქაღალდებს ვერ ვკითხულობ. აირჩიეთ სხვა მდივანი!“ დარბაზში კვლავ აპლოდიმენტები
გაისმა, შეკრებილებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი სტალინის გენერალურ მდივნად არჩევას.
სტალინი დარბაზს უყურებდა შემდეგ კი ხელი ჩაიქნია და დაჯდა.
![]() |
სტალინის უკანასკნელი საჯარო გამოსვლა (წყარო იხ. ბმული) |
ძნელი სათქმელია,
გულწრფელი იყო სტალინი, თუ სურდა გაეგო როგორი იქნებოდა პლენუმის მონაწილეთა რეაქცია მის საქციელზე. დარბაზში მსხდომნი უყურებდნენ სტალინის გამომცდელ მზერას და პრაქტიკულად არ უშვებდნენ მისი
გადადგომის შესაძლებლობას, რადგან გრძნობდნენ, რომ ნებისმიერი შეცდომა მათთვის შესაძლოა
დამღუპველი ყოფილიყო.
სტალინის გარდაცვალებამდე
სულ რამდენიმე თვე იყო დარჩენილი. სტალინის გადადგომა წარსულს ვეღარ შეცვლიდა. თუმცა
არქივებმა ბელადის გადადგომის საკითხთან დაკავშირებული სხვა ფაქტებიც შემოინახა.
"პირველი გადადგომა"
1922
წლის 3 აპრილს სტალინი კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი გახდა.
ეს პოზიცია თავდაპირველად უფრო ტექნიკური იყო, თუმცა მალე შეიძინა განსაკუთრებული
გავლენა და მნიშვნელობა. გენარალური მდივანი მართავდა უზარმაზარ აპარატს (დაახლოებით
700 მდე კაცი იყო), წყვეტდა საკადრო საკითხებს, იწვევდა პოლიტბიუროს სხდომებს, ფაქტიურად
განსაზღვრავდა პარტიის პოლიტიკას.
1922 წლიდან ლენინსა
და სტალინის შორის ურთერთობა მკვეთრად გაუარესდა. ლენინი ხვდებოდა, რომ პატივმოყვარე
და უხეში ჯუღაშვილის ხელში მსგავსი ძალაუფლება საშიში იყო და მის ჩანაცვლებაზე ფიქრობდა,
თუმცა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობამ ამის საშუალება არ მისცა. 1922 წელს ლენინმა
ე.წ. „ანდერძი“ დაწერა, რომელშიც სტალინი შემდეგნაირად დაახასიათა:
„ამხანაგმა სტალინმა, მას შემდეგ, რაც გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში განუზომელ ძალაუფლებას მოუყარა თავი: მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის ყოველთვის შეძლებს ფრთხილად ისარგებლოს ამ ძალაუფლებით... სტალინი ზედმეტად უხეშია და ეს ნაკლი, სრულიად ასატანი ჩვენს - კომუნისტებს შორის ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის პოზიციაზე“.
უმაღლესი პარტიული
მოღვაწეებისათვის ეს წერილი ცნობილი მხოლოდ 1924 წელს, ლენინის გარდაცვალების შემდეგ
გახდა, ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში ის სკოლებშიც კი შეიტანეს სასწავლებლად.
სტალინის მთავარი
მოწინააღმდეგის ლევ ტროცკის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პარტიის XIII პლენუმზე ლენინის „ანდერძი“ წაიკითხეს წაიკითხეს, სტალინმა პლენუმს გადადგომის თხოვნით
მიმართა. თუმცა საარქივო მასალებით პლენუმზე სხვა საკითხებიც გახდა მწვავე განხილვის
თემა. პოლიტბიურო აპირებდა გაზეთ „პრავდაში“გამოექვეყნებინა წერილი, სადაც პარტიული თანამებრძოლების
საქმიანობა იქნებოდა გაკრიტიკებული. სტალინი ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა. დაიწყო მწვავე
კამათი, პლენუმმა სტალინის პოზიცია არამართებულად მიიჩნია. ამის შემდეგ სტალინმა გადადგომის
განცხადება დაწერა.
განცხადება 1924
წლის 19 აგვისტოთი თარიღდება:
„ლენინის წასვლისა და გარდაცვალების შემდეგ, ზინოვიევსა და კამენევთან ნახევარწლიანმა მუშაობამ ჩემთვის სრულიად ნათელი გახადა, რომ ჩემთვის შეუძლებელია ამ ამხანაგებთან პატიოსანი და გულწრფელი თანამშრომლობა ვიწრო კოლეგიის ფარგლებში. გთხოვთ, რომ პოლიტბიუროდან გასულად ჩამთვალოთ.
რაკი პარტის გენერალური მდივანი მხოლოდ პოლიტბიუროს წევრი შეიძლება იყოს, ამიტომ გთხოვთ ასევე ჩამთვალოთ ცენტრალური კომიტეტის სამდივნოდან გასულად.
გთხოვთ მკურნალობისათვის მომცეთ ორთვიანი შვებულება...“
![]() |
სტალინის განცხადების ტექსტი, 1924 წ (წყარო იხ. ბმული) |
სტალინის განცხადება
არ დაკმაყოფილდა. ბევრი ისტორიკოსი თვლის, რომ სტალინმა წინასწარ იცოდა მისი მოქმედება
რა შედეგით დასრულდებოდა, გადადგომის მოთხოვნა გათამაშებული სპექტაკლი იყო.
"მეორე გადადგომა"
1926 წელს გავლენიანი
პარტიული მოღვაწეები და ლენინის თანამებრძოლები ზინოვიევი და კამენევი თავიანთ მტერთან
ტროცკისთან გაერთიანდნენ და სტალინის წინააღმდეგ კავშირი შეკრეს. 1926 წლის ივლისის
პლენუმზე ზინოვიევმა მძაფრად გააკრიტიკა სტალინი, ის დაადანაშაულა გარდაცვლილი ბელადის
პოლიტიკური კურსის ღალატში, საკუთარი პიროვნების კულტის შექმნაში. პლენუმის დელეგატების
უმეტესობამ სტალინის მხარე დაიჭირა. იმავე წლის ოქტომბერში ზონოვიევი და კამენევი გარიცხეს
პოლიტბიუროდან.
გავლენიანი პარტიული
მოღვაწეები თავიანთ ბედს არ შეეგუენ და ბრძოლის სხვა მეთოდებზე გადავიდნენ. მათ ფაბრიკა
- ქარხნებს მიაშურეს და თავიანთ დასაცავად მუშების მობილიზაცია დაიწყეს. ზინოვიევი
შეხვედრებს მართავდა ლენინგრადის უმსხვილეს ქარხნებში, ხოლო ტროცკი კი მოსკოვში. სიტუაცია
უკიდურესად გამწვავდა. 1926 წლის 27 დეკემბერს სტალინმა ცენტრალური კომიტეტის პლენუმს გადადგომის
თხოვნით მიმართა.
![]() |
სტალინის განცხადება, ხელნაწერი, 1926 წ. (წყარო იხ. ბმული) |
„ცენტრალური კომიტეტის პლენუმს. გთხოვთ გამათავისუფლოთ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდოვნის პოზიციიდან. ვაცხადებ, რომ აღარ შემიძლია ამ პოზიციაზე მუშაობა. ძალა არ შემწევს, რომ ამ პოზიციაზე ვიმუშაო.“
პლენუმის მონაწილეებმა სტალინის განცხადება გადადგომის შესახებ უარყვეს.
"მესამე გადადგომა"
პოლიტიკური დაძაბულობა
და მწვავე შიდა პოლიტიკური ბრძოლები კომუნისტური პარტიის ზედა ეშელონებში 1926 წლის
შემდეგაც გაგრძელდა. 1927 წლის ნოემბერ-დეკემბერში სტალინმა და მისმა გარემოცვამ შეძლეს
მთავარი პოლიტიკური ოპენენტები - ტროცკი, ზინოვიევი და კამენევი ჩამოეცილებინათ ძალაუფლებისათვის
და კომუნისტური პარტიიდანაც კი გაერიცხათ ისინი.
1927 წლის 19 დეკემბერს
იოსებ სტალინამ ცენტრალური კომიტეტის პლენუმს კვლავ მიმართა გადადგომის მოთხოვნით, შემონახულია
ამ შეხვედრის სტენოგრამა:
„მე ვუშვებ, რომ უკანასკნელ ხანებამდე პარტიაში არსებობდა ისეთი სიტუაცია, რომელიც ამ თანამდებობაზე აყენებდა, ჩემი, როგორც ოპოზიციის მხრიდან მომდინარე საფრთხეებთან ბრძოლისათვის შესაფერისი ადამიანის ყოფნის აუცილებლობას. მე ვუშვებ, რომ ამის აუცილებლობა არსებობდა, ამხანაგ ლენინის ცნობილი წერილის მიუხედავად. თუმცა ამჟამად ეს მოცემულობა არ არსებობს. ოპოზიციონერები არა მარტო დამარცხებულნი, არამედ პარტიიდანაც განდევნილნი არიან. ამჯამად აღარ არსებობს მიზეზები, რის გამოც პლენუმი ჩემს განცხადებებზე (იგულისხმება გადადგომის განცხადებები -ავტ. ) უარს ამბობდა. მაგრამ ჩვენ გვაქვს ლენინის მითითება, რომელსაც არ შეიძლება არ გავუწიოთ ანგარიში და რომელიც უნდა განვახორციელოთ ცხოვრებაში. მე ვფიქრობ, რომ ბოლო დრომდე პარტიას შეეძლო გვერდი აევლო ამ მითითებისათვის, შიდაპარტიული ვითარების გამო, მაგრამ ვიმეორებ, რომ ამჟამად ეს აუცილებლობა აღარ არსებობს და ლენინის მითითებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამიტომ ვთხოვ პლენუმს, გამათავისუფლოს გენერალური მდივნის პოზიციიდან. გარწმუნებთ, რომ პარტია ამით მხოლოდ მოიგებს.“
პლენუმმა სტალინის
მიმართვა ერთხმად უგულებელყო, მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი. სტალინმა ამავე შეხვედრაზე დააყენა გენერალური მდივნის
თანამდებობის გაუქმების საკითხი. მისი არგუმენტებით, გენერალური მდივნის თანამდებობის
შემოღების აუცილებლობა სწორედ ოპოზიციასთან ბრძოლა და პარტიის კონსოლიდაცია იყო. ოპოზიციის
დამარცხების შემდეგ კი ეს აუცილებლობა მოიხსნა და კომუნისტური პარტია ამ თანამდებობის გარეშეც მშვენივრად გააგრძელებდა არსებობას, ისევე როგორც მის შემოღებამდე არსებობდა. პლენუმმა თანამდებობის გაუქმება მართებულად არ მიიჩნია.
სტალინის ბოლო განცხადება,
ერთგვარად ფარისევლურიც იყო. მას ჰქონდა უნარი სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა,
ეს მიმართვაც, ლენინის „ანდერძის“ თავის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობაა. „მე უხეში
ვარ - ეთანხმებოდა სტალინი ლენინის დახასიათებას, - მაგრამ ოპოზიციასთან ბრძოლის დროს“. ის თავის მანკიერ
თვისებებს, არა ძალაუფლების სიყვარულით, არამედ პარტიის წინაშე მდგარი აუცილებლობით
ხსნიდა, თავისი თავი კი პარტიის ერთიანობის სიმბოლოდ მოჰქონდა. 1927 წელს, როდესაც
მისი ძალაუფლება საკმაოდ გამყარდა და პარტიული ხელმძღვანელობიდან ოპოზიციის ჩამოცილება
შეძლო, მინიმალური იყო შანსი, რომ მას გენერალური
მდივნის პოზიციიდან გაუშვებდნენ.
მიუხედავად ამისა,
შეიძლება ითქვას, რომ თეორიულად არსებობდა შანსი, როდესაც ისტორია შეიძლებოდა განსხვავებული
მიმართულებით წასულიყო.
გამოყენებული მასალები:
No comments:
Post a Comment