Saturday 3 August 2019

როგორ მოკლეს ლევ ტროცკი


1940 წლის 24 აგვისტოს, გაზეთპრავდაში“,  რომელიც საბჭოთა ხელისუფლების წამყვანი ბეჭდვითი ორგანო იყო, გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით საერთაშორისო შპიონის სიკვდილი“. სტატია შემდეგი სიტყვებით მთავრდებოდაის საკუთარი ინტრიგების ქსელში გაიხლართა... მოკლეს იმავე ტერორისტებმა, რომელთაც თავადვე ასწავლიდა მკვლელობას ზურგში მახვილის ჩაცემით, ასევე გამცემლობასა და ბოროტმოქმედებას მუშათა კლასის, საბჭოთა ქვეყნების წინაღმდეგ. ის იყო კიროვის, კუიბიშევის, გორკის მკვლელობების ორგანიზატორი. გახდა საკუთარი ინტრიგების, ღალატის, გამყიდველობისა და ბოროტების მსხვერპლი... ასე უსახელოდ დაასრულა ცხოვრება ამ საძულველმა ადამიანმა, რომელიც საფლავში წავიდა საერთაშორისო შპიონისა და მკვლელის იარლიყით“. ეს სიტყვები თავად სტალინს ეკუთვნოდა. ხოლო ადამიანი, რომელსაც საერთაშორისო აგენტად მოიხსენიებდა ლევ ტროცკი იყო, 1917 წლის ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორი, საბჭოთა სახელმწიფოს ერთერთი შემქმნელი,  წითელი არმის დამფუძნებელი და მისი მეთაური; 1940 წლის 20 აგვისტოს, „პრავდაშისტატიის გამოქვეყნებამდე ოთხი დღით ადრე მას მეხიკოში, საკუთარ სამუშაო ოთახში წერაყინით გაუხეთქეს თავი.
ლევ ტროცკი (წყარო იხ. ბმული)


რატომ მოკლეს ლევ ტროცკი?

საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ (1922 ) მმართველ ძალაში არსებულ პოლიტიკურ დაჯგუფებებს შორის კონფრონტაცია გაღრმავდა. პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ვლადიმერ ლენინის ავადმყოფობამ და შემდეგ გარდაცვალებამ. სსრკს გენერალური მდივანი იოსებ სტალინი გახდა.  ლევ ტროცკისა და იოსებ სტალინს შორის, ძალაუფლებისათვის მწვავე ბრძოლა გაჩაღდა. 1925 წელს, ბრძოლა სტალინის და მისი მომხრეების სასარგებლოდ დასრულდა, 26 იანვარს ცენტრალური კომიტეტის გაერთიანებულმა პლენუმმა ტროცკი გაათავისუფლა სამხედრო საზღვაო ძალების სახალხო კომისრის თანამდებობიდან, 1926 წელს კი პოლიტბიუროდანაც გამოიყვანა. 1927 წლის 7 ნოემბერს ორგანიზებული . . „ალტერნატიული დემონსტრაციისშემდეგ ცენტრალური კომიტეტის პოზიცია უფრო მკაცრი გახდა: 1928 წლის იანვარში ლევ ტროცკი ალმა-ატაში, შუა აზიაში გაასახლეს. მიუხედავად გადასახლებისა, ტროცკის სასჯელის პირობები მძიმე არ იყო. მან თან წაიღო თავისი არქივი, აქტიური პოლიტიკური საქმიანობა გააჩაღა და ალმა-ატაში მთელი პოლიტიკური შტაბი ჩამოაყალიბა. შუფერხებლად აწარმოებდა მიმოწერას თავის მომხრეებთან. 1929 წლის იანვარში გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს დადგენილებით, ტროცკი საბჭოთა კავშირიდან გააძევეს.
მრავალმა ქვეყანამ ტროცკის მიღებაზე უარი თქვა, მათ შორის გერმანიამ. საბოლოოდ მან თანხმობა მიიღო თურქეთის ხელისუფლებისაგან და სტამბულში გაემგზავრა, თან წაიღო მდიდარი არქივი. იმ დროს სტამბულში ბევრი თეთრგვარდიელი ემიგრანტი იყო, მუდმივი თავდასხმის შიშის გამო, ტროცკიმ მარმარილოს ზღვის ერთერთ კუნძულზე გადაინაცვლა საცხოვრებლად. 1932 წელს ტროცკის სახლში გაჩენილი ხანძრის გამო მისი არქივის ნაწილი დაიწვა, იმავე წელს ჩამოართვეს სსრკს მოქალაქეობა. 1933 წელს ტროცკიმ საფრანგეთში გადაინაცვლა, სადაც ჩანერგილმა საბჭოთა აგენტმა მას მოპარა არქივის ნაწილი (არქივი, სადაც ბევრი მამხილებელი დოკუმენტი იყო, განსაკუთრებით აფრთხობდა სტალინს, იმ დროს ტროცკის ლიკვიდაცია არ განიხილებოდა). გარკვეული პერიოდის გაბნმავლობაში ტროცკნორვეგიაში ცხოვრობდა (1935-1936 წწ), 1936 წელს კი მექსიკისაგან, სადაც პრეზიდენტი სოციალისტი ლასარიო კარდენასი გახდა, მან მიიღო თანხმობა, პოლიტიკური თავშესაფრის თაობაზე. 1937 წლის იანვრიდან ტროცკიმ მეორე ცოლთან ნატალია სედოვასთან ერთად, მეხიკოს გარეუბანში, კოიოაკანში, ცნობილი კომუნისტი მხატვრის დიეგო რივერას სახლში დაიდო ბინა.
1938 წელს ტროცკიმ საბჭოთა მესამე ინტერნაციონალის ("კომინტერნის") საწინააღმდეგოდ დაარსა მეოთხე ინტერნაციონალი, რომელსაც ბევრ ქვეყანაში გაუჩნდა მიმდევრები და მსოფლიო კომუნისტურ მოძრაობაში მოსკოვის მნიშვნელოვან კონკურენტად იქცა.
ტროცკიმ რამდენჯერმე სცადა ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა, თუმცა ვიზის მიღება ვერ შეძლო. 1940 წელს, მან თავისი არქივის ძირითადი ნაწილი ჰარვარდის უნივერსიტეტს გადასცა (ერთერთი მიზეზი საბჭოთა აგენტურისაგან დაცვა იყო).

მკვლელობის ორგანიზება

1936 წლისმოსკოვური პროცესებითცხადი გახდა, რომ სტალინი და მისი გარემოცვა მოწინააღმდეგეთა ფიზიკურ განადგურებაზე გადავიდნენ. საბჭოთა დაზვერვა აქტიურად მუშაობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც, მოწინააღმდეგეების ჩამოსაშორებლად. 1938 წელს შინსახკომის საგარეო განყოფილების მაღალჩინოსანმა პაველ სუდოპლატოვმა  იოსებ სტალინისა და ლავრენტი ბერიასაგან პირადად მიიღო ტროცკის ლიკვიდაციის დავალება.
ტროცკი და მისი მიმდევრები ცდილობენ წაართვან სსრკ- საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ლიდერის პოზიცია. ტროცკისტულ მოძრაობაში არ არის მნიშვნელოვანი ფიგურა გარდა თავად ტროცკისა, მისი ლიკვიდაციით საფრთხეც მოიხსნება. „მოხუცისმოცილება უნდა მოხდეს უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, სანამ გარდაუვალი ომი დაიწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობიდან მხარდაჭერის მიღება, - ასეთი იყო სტალინისა და ბერიას არგუმენტები.
სუდოპლატოვის წინადადებით, ოპერაციის ორგანიზება და განხორციელება დაევალა ცნობილ აგენტს ნაუმ ეიტინგონს. მან დაგეგმა ოპერაცია Утка(გამოიყენება "დეზინფორმაციის", "ყალბი ამბის" აღსანიშნავად), რომლის ფარგლებში პროსტალინურად განწყობილი ესპანელი კომუნისტებისაგან ჩამოაყალიბა ორი ტერორისტული ჯგუფი., რომელთაც ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ: ჯგუფი დედა (იგივე მერკადორის ჯგუფი) და ჯგუფი ცხენი (სიკეიროსის ჯგუფი)
ტროცკის ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია სტალინს განზახვის შესახებ (მაგალითად, ამის შესახებ აცნობა სსრკ-დან გაქცეულმა აგენტმა ორლოვმა), თუმცა ხშირად ის მსგავს ამბებს საბჭოთა პროვოკაციად მიიჩნევდა. მიუხედავადა ამისა, მისი უახლოესი ადამიანების საეჭვო გარემოებებში დაღუპვის შემდეგ, მან უფრო მეტად დაიწყო ზრუნვა საკუთარ უსაფრთხოებაზე.
როგორც აღნიშნული იყო, 1939 წლის თებერვლამდე ტროცკი თავისი მეგობრის, მხატვარ დიეგო რივერას სახლში ცხოვრობდა, თუმცა მათ შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობა მალე გაფუჭდა:  გავრცელდა ხმები ლევ ტროცკისა და რივერას ახალგაზრდა მეუღლის, სახელგანთქმული ფერმწერის - ფრიდა კალოს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ. ხმებმა ჯერ ნატალია სედოვამდე მიაღწია, ხოლო შემდეგ კი დიეგო რივერამდე. მამაკაცებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მათი მეგობრობაც დასრულდა. ამის შემდეგ ტროცკი საცხოვრებლად კოიოაკანის გარეუბანში, ავენიდა ვიენაზე გადავიდა.
 სახლი მოძველებული იყო და ნაკლებად პასუხობდა უსაფრთხოების ნორმებს, ძველი ნაგებობები გაამაგრეს, საგუშაგო კოშკი ააშენეს, სიგნალიზაცია დაამონტაჟეს. ტროცკის უსაფრთხოებას გარედან ხუთი, ხოლო ეზოს შიგნიდან კი ათი პოლიციელი იცავდა. ტროცკი მუდმივი თავდასხმის რეჟიმში ცხოვრობდა. მისი ავტომობილით გადაადგილებანი საიდუმლოებით იყო მოცული, მუდმივად ახლდა დაცვა. 1939 წლის სექტემბერში რუმინეთის პრემიერ-მინისტრის კელინესკის მკვლელობის შემდეგ კი თითქმის შეწყდა.  სხდომაზე მიმავალი პრემიერის მანქანას გზა გადაუღობა ფურგონმა, როდესაც მძღოლმა დაამუხრუჭა და მოხვევა სცადა, ქუჩის კუთხიდან გამოვარდა ცხრა ტერორსტი, რომელთაც პრემიერი მანქანაში ჩაცხრილეს. ტერორის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს ძალაუფლების ხელში აღების შესახებ, თუმცა პოლიციამ   მკვლელები დააპატიმრა და პრემიერის მკვლელობის ადგილას, ბრბოს თვალწინ დახვრიტა
ტროცკის საცხოვრებელი ავენიდა ვიენაზე ( წყარო იხ. ბმული
1940 წელს სტალინმა პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყნის შიგნით თითქმის მთლიანად გაანადგურა. ლენინის თანამებრძოლებიდან, რომლებიც იმ პერიოდში პოლიტბიუროს წევრები იყვნენ, ცოცხალი იყო მხოლოდ თავად სტალინი, კალინინი, მოლოტივი და ტროცკი. ეს უკანასკნელი სტალინს ყველაზე მეტად აღიზიანებდა: ტროცკი წიგნს წერდა სტალინზე, 1940 წელს კისაბჭოთა მშრომელებსმიმართვა გაუგზავნა, სადაც დამნაშავე რეჟიმის მოშორებისაკენ მოუწოდებდათ. მიმართვამ კიდევ უფრო დააჩქარა ტროცკის ტრაგიკული აღსასრული.


სიკეიროსის ჯგუფის თავდასხმა

1940 წლის 24 მაისს საბჭოთა დაზვერვის მიერ გადაბირებულ ესპანელ მებრძოლთა ჯგუფი, დავიდ ალფარო სიკეიროსის მეთაურობით თავს დაესხა ტროცკის სახლს. სიკეიროსი ცნობილი ესპანელი მხატვარი იყო, ამავე დროს აქტიური კომუნისტი. ჯგუფში იყო საბჭოთა აგენტი იოსებ გრიგულევიჩი.  თავდამსხმელებმა განაიარაღეს გარე დაცვა, მას შემდეგ კი, რაც მათმა მოკავშირემ ეზოს კარები გაუღოთ, განაიარაღეს შიდა დაცვა და ტროცკის საძინებელ ოთახს, სადაც ის მეუღლესთან ერთად იყოფებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.  ისინი 15 წუთის განმავლობაში ტყვიამფრქვევით ცხრილავდნენ ტროცკის საძინებელს, გამოიყენეს დაახლოებით 200-მდე ტყვია, ეზოში დატოვეს ბომბი (რომელიც არ აფეთქდა) და გაიქცნენ.
ნახევარი საათის შემდეგ მოსულ პოლიციელებს, პოლკოვნიკ სალაზარის მეთაურობით, ტროცკი და მისი მეუღლე უვნებელი დახვდათ. მცირეოდენი ნაკაწრი ჰქონდა მათ შვილიშვილს, რომელსაც მეზობელ ოთახში ეძინა. ლევი და ნატალია საწოლის ქვეშ დაიმალნენ. სალაზარი გაოცებული იყო: რა უშლიდათ ხელს თავდამსხმელებს უიარაღო მასპინძლის ოთახში შესულიყვნენ და მის ლიკვიდაციაში დარწმუნებულიყვნენ, ნაცვლად იმისა რომ ფანჯრიდან გაეჩაღებინათ სროლა?
თავდასხმელებთან ერთად გაუჩინარდა ტროცკის დაცვის წევრი, ამერიკელი რობერტ შელდონ ჰარტი.  ის ტროცკის სახლიდან 20 კილომეტრზე, თავგახვრეტილი იპოვეს. ტროცკიმ ჰარტი სტალინის მსხვერპლად გამოაცხადა და მისი სახელობის დაფაც გააკეთა: „სტალინის მიერ მოკლული რობერტ შელდონ ჰარტის სახსოვრად, 1915 – 1940“. თუმცა სწორედ ჰარტიმ გაუღო თავდამსხმელებს კარები, ის სტალინის ფარული თაყვანისმცემელი იყო. საბჭოთა დაზვერვისათვის  ამ შემთხვევაში კონსპირაცია უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სტალინის თაყვანისცემა, ამიტომ ჰარტი თავიდან მოიცილეს.
ოპერაციაცხენიჩავარდა. „მონაწილეებს ჰქონდათ სამხედრო გამოცდილება (ესპანეთს სამოქალაქო ომში), მაგრამ არ ჰქონდათ სპეცოპერაციის გამოცდილება“ -ასე შეაფასა სუდოპლატოვმა შედეგები .
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სიკეიროსმა აიღო. როგორც სიკეიროსი იგონებდა, მას ვერ წარმოედგინა, რომ ისეთი ცნობილი პერსონა, როგორიც ტროცკი იყო, საწოლის ქვეშ შეძვრებოდა. მხატვარი დააპატიმრეს. სიკეიროსმა უარყო საბჭოთა დაზვერვასთან კავშირი და თავი შემდეგი არგუმენტით იმართლა: „ტროცკიმ ცუდად გამოიყენა მისი მეგობრის, დიეგო რივერას ნდობა, ამიტომ სამაგიეროს გადახდა მსურდა“. ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ სიკეიროსი ქვეყნიდან გააძევეს.
 ჩემი მონაწილეობა ტროცკიზე 1940 წელს ორგანიზებულ თავდასხმაში, იყო დანაშაული“,- ასე აფასებდა მხატვარი მოგვიანებით საკუთარ ნამოქმედარს.
თავდასხმის შემდეგ დაცვამ ტროცკის მოთხოვა გულდასმით გაეჩხრიკათ ყველა სტუმარი, რომელიც მის სახლში მივიდოდა. ტროცკიმ იუარა, არ სურდა სტუმრები უხერხულ სიტუაციაში ჩაეყენებინა. თავდასხმიდან ოთხი დღის შემდეგ ტროცკიმ პირველად იხილა რამონ მერკადორი.

რამონ მერკადორის ჩანერგვა ტროცკის გარემოცვაში

პირველი ოპერაციის წარუმატებლობამ შინსახკომის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია განარისხა და ეიტინგონს საკადრისი სასჯელით დაემუქრა. თუმცა სტალინმა თავშეკავება არჩია და მეორე ჯგუფის ამოქმედების ბრძანება გასცა.
ჯერ კიდევ, 1938 წელს ნაუმ ეიტინგონი ბარსელონაში გაემგზავრა. ის ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიოდში, კონკრეტულად 1936-1938 წლებში, ესპანეთში საბჭოთა რეზიდენტის ორლოვის მოადგილე იყო და მიმდინარე პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ამჯერად მისი მისია განსხვავებული იყო: ის უნდა შეხვედროდა მის საყვარელს, ბარსელონაში ფრიად ცნობილ ქალს კარიდად მერკადორს (მერკადორი ქმრის გვარი იყო), რომელიც ხუთი შვილის დედა იყო. ერთერთ ამ შვილებიდან, რამონ მერკადორს,  შინსახკომის გათვლებით, მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ტროცკის ლიკვიდაციაში, თუმცა არა მთავარი, როგორც შემდეგ მოხდა.
რამონ მერკადორი 1913 წელს ბარსელონაში დაიბადა, კატალონიელი სარკინიგზო მაგნატის ოჯახში. 20-იან წლებში, დედ-მამის გაცილების შემდეგ, ის საფრანგეთში ცხოვრობდა, დედასთან, წარმოშობით კუბელ კარიდად დელ რიოსთან ერთად. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ რამონ მერკადორი იყო ახალგაზრდა კომუნისტური პარტიის ერთერთი ლიდერი, სამოქალაქო ომის დროს იბრძოდა რესპუბლიკელების მხარეს. 1937 წელს რამონი, დედის დახმარებით გადაიბირა საბჭოთა დაზვერვამ. თავად კარიდადი საბჭოთა ხელისუფლების აგენტი იყო
რამონ მერკადორი (წყარო იხ. ბმული)
1938 წელს რამონ მერკადორი პარიზში გაემგზავრა , სადაც IV ინტერნაციონალის  ყრილობა იმართებოდა. აქ მას ნაცნობობა უნდა გაება ტროცკისტ დებთან - სილვია და რუთ აგელოფებთან. ერთერთი მათგანი, რუთი, ტროცკის სამდივნოში მუშაობდა. მერკადორს არ გასჭირვებია მათი მონახვა და მალე შეძლო ერთერთის, სილვიას ყურადღების მიპყრობა. ეს უკანასკნელი, როგორც კურიერი, დროდადრო მექსიკაში, ტროცკისთან მიემგზავრებოდა ხოლმე. სილვიას მოეწონა, მისდამი ინტერესით განწყობილი, ახალგაზრდა სიპათიური მამაკაცი, რომლის ერთადერთი ნაკლი ის იყო, რომ პოლიტიკა თითქმის არ აინტერესებდა. მერკადორმა სილვიას  ჟაკ მორნარის, ბელგიელი დიპლომატის შვილის სახელით გააცნო თავი. ახალგაზრდებმა რამდენიმე თვე გაატარეს ერთად, მერკადორი უხვად ხარჯავდა ფულს და პომპეზურ საღამოებს უწყობდა პარტნიორს. ამის შემდეგ სილვიას ნიუ-იორკში მოუხდა წასვლა, თუმცა მათი განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა: 1939 წლის თებერვალში მერკადორი ნიუ-იორკში გამოეცხადა სილვიას, ამჯერად კანადური პასპორტით და ფრენკ ჯექსონის სახელით. გაკვირვებულ პარტნიორს მან აუხსნა, რომ ამ გზით ბელგიაში სამხედრო სავალდებულო სამსახურისაგან სურდა თავის დაღწევა, არგუმენტები სილვიასათვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა: მშფოთვარე დროში შეყვარებულის ჯარში გაშვება მართლაც რთული საქმე იყო.
1939 წლის ოქტომბრიდან მერკადორმა მეხიკოში გადაინაცვლა და ერთერთ საექსპორტო ფირმაში დაიწყო მუშაობა, ამავე დროს დაარწმუნა სილვია, რომ მასთან ერთად გადასულიყო საცხოვრებლად (1940 წლის იანვარი).  ამჯერად მერკადორს ჰქონდა ტროცკის სახლში შეღწევის მიზეზი; მერკადორს სილვია თავისი მანქანით მიჰყავდა ტროცკის სახლამდე, თუმცა შიგ შესვლას არ ჩქარობდა.  გულუბრყვილო სილვიამ თავად უამბო მერკადორის შესახებ ტროცკის და მის მეუღლეს, დაცვის წევრებსაც კი.
ტროცკის სახლში ვიზიტორთა ჟურნლის ჩანაწერების მიხედვით, მერკადორი სულ 12- ჯერ იმყოფებოდა ვილაში და მთლანობაში 4 სთ და 12 წუთი გაატარა. პირველი ვიზიტი 1940 წლის მარტში შედგა. ტროცკის ვილაში ცოლ-ქმარი როსმერები ცხოვრობდნენ. ერთერთი მათგანი ავად გახდა და მერკადორს მისი საავადმყოფოში წაყვანა სთხოვეს. ამჯერად აგენტის მიზანი იყო არა ტროცკის მოკვლა, არამედ სახლის და არსებული სიტუაციის დეტალური შესწავლა.
1940 წლის 28 მაისს ტროცკიმ პირველად იხილა მერკადორი მათ სახლში, მიზეზი კვლავ ცოლ-ქმარ როსმერების მანქანით მომსახურება იყო.  1940 წლის 29 ივლისს ტროცკიმ და მისმა მეუღლემ მერკადორი ჩაიზე დაპატიჟეს, შეხვედრა ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. მერკადორი შესანიშნავი მსახიობი გამოდგა, ის აპოლიტიკურ ადამიანად აჩვენებდა თავს და ძირითადად ალპინიზმზე ლაპარაკობდა. ტროცკის დაღუპვამდე 22 დღე იყო დარჩენილი.

ტროცკის მკვლელობა

17 აგვისტოს რამონ მერკადორმა გენერალური რეპეტიცია გაიარა, ის მარტო ეწვია ტროცკის და თავისი სტატიის რედაქტირება სთხოვა. ტროცკიმ უარი ვერ უთხრა, მან ჩათვალა, რომ აპოლიტიკური ახალგაზრდა, როგორც ტროცკისტი, პოლიტიკაში თავის პირველ ნაბიჯებს დგამდა. სიცხის მიუხედავად,  მერკადორს ხელში ლაბადა ეჭირა, რაც უცნაურ შთბეჭდილებას ქმნიდა. ტროცკიმ საკუთარ სამუშაო ოთახში მიიწვია ახალგაზრდა და სტატიის კითხვა დაიწყო, ეს უკანასკნელი კი მის ზურგს უკან მოკალათდა. ნატალია სედოვას თქმით,  ტროცკის მერკადორთან საუბრის შემდეგ ეჭვები გაუჩნდა. „უკეთესი იქნებოდა სილვიას ქმარს ჩვენს სახლში ვიზიტები შეეწყვიტა. ჩვენ მცირე გამოკვლევა უნდა ჩაგვეტარებინა მის შესახებ“, - უთხრა მან თავის მეუღლეს. თუმცა ამჯერადაც არანაირი სიფრთხილის ზომები არ იქნა მიღებული.
1940 წლის 20 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს ხუთი საათისათვის ტროცკის საყვარელი საქმიანობით, ბაჭიების გამოკვებით დაკავდა. 17 სთ-სა და 30 წუთზე მას ისევ გამოეცხადა მერკადორი და თავისი სტატიის გადახედვა სთხოვა. მზიანი დღის მიუხედავად, მერკადორს ხელზე ლაბადა ჰქონდა გადაკიდებული და შლიაპა ეხურა. ლაბადა წერაყინს (ალპინისტური, ყინულის სამტვრევი მცირე ზომის წერაქვი, რომელსაც ტარი ჰქონდა ხელოვნურად დამოკლებული), პისტოლეტს და ხანჯალს მალავდა. ეზოსთან ახლოს მას ელოდებოდა მანქანა, რომელში დედამისი კარიდადი და ნაუმი ეიტინგონი ისხდნენ. როგორც მოგვიანებით, ტროცკის მეუღლე ამბობდა ლევ დავიდოვიჩს არ სურდა ბაჭიების მიტოვება და სრულებით არ აინტერესებდა სტატია, ამიტომ უხალისოდ გაჰყვა სტუმარს. ნატალია სედოვამ მეუღლე და მისი სტუმარი სამუშაო ოთახამდე მიაცილა, თავად კი მეორე ოთახში გავიდა.
სამუშაო ოთახში შესვლის შემდეგ ტროცკი მაგიდას მიუჯდა და სტატიის გაცნობა დაიწყო. სტუმარი კი ზურგის მხრიდან დადგა. როდესაც ის კითხვაში გაერთო, მერკადორმა ჩათვალა, რომ საჭირო მომენტი დადგა.
ჩემი ლაბადა ისე დავდე მაგიდაზე, რომ მქონოდა საშუალება მისი ჯიბიდან წერაყინი ამომეღო, - ასეთი ჩვენება მისცა დამნაშავემ სასამართლოს მოგვიანებით.-  გადავიწყვიტე არ გამეშვა ხელიდან შესანიშნავი შემთხვევა. მას შემდეგ, რაც ტროცკიმ დაიწყო სტატიის კითხვა, რაც ჩემთვის მხოლოდ საბაბი იყო, მე ამოვიღე წერაყინი ლაბადის ჯიბიდან, დავხუჭე თვალები და საშინელი დარტყმა მივაყენე თავში...
ტროცკის ისეთი ყვირილი აღმოხდა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დამავიწყდება. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი, „--“ , უსაშველოდ ხანგრძლივი და ასე მგონია, რომ ეს ხმა დღემდე აღწევს ჩემს თავში... ის განწირულად კიოდა, შემდეგ კი მეძგერა მე და ხელზე მიკბინა. ნახეთ, მისი კბილების კვალი დღემდე მამჩნევია. მე ხელი ვკარი, ის წაიქცა და ფორხვით ცდილობდა ოთახიდან გაღწევას
მერკადორის მოლოდინი არ გამართლდა, მართალია წერაყინმა 7 სანტიმეტრის სიღრმეზე შეაღწია ტროცკის თავში, თუმცა სიკვდილი მეყსეულად არ დამდგარა.ოთახში შესვლიდან სამი-ოთხი წუთის შემდეგ გავიგონე საშინელი, სულისშემძვრელი ყვირილი... მე გავიქეცი იმ მხარეს...იდგა ლევ დავიდოვიჩი, გასისხლიანებული, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალებით, სათვალის გარეშე... ჩამოშვებული ხელებით...“- წერდა შემდეგ ნატალია სედოვა.
ტროცკის მკვლელობის იარაღის შპიონაჟის მუზეუმში, აშშ (წყარო  იხ. ბმული)
ხმაურზე ოთახში შემოცვივდნენ ტროცკის დაცვის წევრები და მერკადორს ცემა დაუწყეს. მერკადორმა ესპანურად დაიწყო ყვირილი: „მაიძულეს ეს გამეკეთებინა... მათ დედაჩემი ჰყავთ....მოკვლას უპირებენ.. მომკალით, გთხოვთ..“
გასისხლიანებული ტროცკი დივანზე წამოაწვინეს. მან ჩურჩულით უბრძანა დაცვას  შეეწყვიტათ ცემა და დაედგინათ, ვისი დავალებით მოქმედებდა მორნარ-ჯეკსონი. მალე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ტროცკის ნახევარი სხეული უკვე პარალიზებული იყო. მიუხედავად ამისა ცნობიერებას არ კარგავდა.
ის პოლიტიკური მკვლელია... სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს აგენტი...“ - უთხრა მან გამომძიებელს.
პოლიციისა და სასწრაფოს დანახვაზე კარიდად მერკადორი და ეიტინგონი მიხვდნენ რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა.  მათ დატოვეს ვილის მიმდებარე ტერიტორია, მოგვიანებით კი კუბაში გაფრინდნენ.
ტროცკი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. 19:30 სთ. -ზე მან გონება დაკარგა. ოპერაციას ხუთი ქირურგი აკეთებდა. ტვინის ერთი მხარე შენგრეული იყო, ხოლო დანარჩენი კი ძლიერად იყო დაზიანებული მიმოფანტული თავის ქალის ძვლის ნამსხვრევებით. მიუხედავად ამისა ტროცკიმ გადაიტანა ოპერაცია და 26 საათი იბრძოდა სიცოცხლისათვის. იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანმა ასეთი საშინელი ჭრილობით ამდენი ხნის განმავლობაში იცოცხლა, პერიოდულად კი აზროვნებაც უბრუნდებოდა.
1940 წლის 21 აგვისტოს. 19 საათსა 25 წუთზე ლევ ტროცკი გარდაიცვალა. (ექიმები კიდევ ერთმა შთამბეჭდავმა  ფაქტმა გააოცა:  გაირკვა, რომ ტროცკის თავის ტვინი 0.4 კგ. - იწონიდა.)
გარდაცვალების მეორე დღეს მასშტაბური პროცესიები გამოჩნდა მეხიკოში. ტროცკის სიკვდილის ამბავი სწრაფად გავრცელდა და უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა მისთვის პატივი ეცა. დაკრძალვა გრანდიოზულ ანტისტალინურ მანიფესტაციად იქცა, ხუთი დღის განმავლობაში გარდაცვლილს 300 000-მა ადამიანმა მიაგო პატივი.
27 აგვისტოს ტროცკის ცხედარს კრემაცია გაუკეთეს და კოიოაკანში დაკრძალეს. მის საფლავზე კი ობელისკი აღმართეს, ნამგალისა და უროს გამოსახულებით.
1941 წლის 26 ივნისს სტალინმა ლავრენტი ბერიასაგან წერილი მიიღო. შინსახკომის ხელმძღვანელი, გენერალურ მდივანს, წარმატებული ოპერაციის მონაწილე აგენტებს დაჯილდოებას სთხოვდა. მერკადორი ლენინის ორდენით დააჯილდოვეს.

რამონ მერკადორის ბედი

რამონ მერკადორი ჯიუტად მალავდა თავის ვინაობას და უარყოფდა საბჭოთა ხელისუფლებასთან კავშირს. ის მკვლელობას პირადი მოტივებით ხსნიდა და ტროცკის პოლიტიკური საქმიანობით იმედგაცრუებას უკავშირებდა. დაკითხვებზე  აცხადებდა, რომ ბელგიის მოქალაქე იყო, თუმცა ტყუილი მალე გამოაშკარავდა: ბელგიის საკონსულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არანაირი ბელგიელი ჟაკ მორნარი არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, მკვლელის სახელი და გვარი კვლავ საიდუმლოდ დარჩა. გაირკვა, მხოლოდ ის, რომ მერკადორის პასპორტი ესპანეთის სამოქალაქო ომში დაღუპულ კანადელ მოხალისეს ეკუთვნოდა. მექსიკაში სიკვდილით დასჯა არ არსებობდა, მკვლელს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც სასჯელის უმაღლესი ზომა იყო.
წლების შემდეგ საიდუმლოს ფარდა აეხადა. 50 -იანი წლების დამდეგს, ტროცკის თაყვანისმცემელმა მექსიკელმა ექიმმა, კიროს კუარონმა გადაწყვიტა დაედგინა მკვლელის ვინაობა. მას თავისი ეჭვები ჰქონდა, დამნაშავის ესპანურ წარმოშობაზე. ამ მიზნით ის ესპანეთში გაემგზავრა და პოლიციის არქივში მიკვლეული დოსიეთი (მერკადორი დაკავებული ჰყავდა ფრანკოს პოლიციას), სადაც ფოტოგრაფიასთან ერთად თითს ანაბეჭდებიც იყო, უტყუარად დადგინდა, რომ ტროცკის მკვლელი ესპანელი კომუნისტი რამონ მერკადორი იყო. საბჭოთა დაზვერვასთან კავშირის დადასტურება ისევ  ვერ მოხერხდა.
მერკადორი ხუთი წლის განმავლობაში მარტოობაში, უსარკმლო კამერაში იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი მისი პირობები შემსუბუქდა. მას დაქორწინების უფლებაც კი მისცეს კაბარეს მოცეკვავე რაქელ მენდოსაზე, რომელსაც კვირაში ორჯერ ხვდებოდა. 1960 წელს სასჯელის მოხდის შემდეგ, მეუღლესთან ერთად კუბის გავლით საბჭოთა კავშირში გაემგზავრა, სადაც ფარულად გამოაცხადეს საბჭოთა კავშირის გმირად. ცხოვრების ბოლო წლები კუბაზე გაატარა, აქვე გარდაიცვალა  1978 წელს. დაკრძალულია მოსკოვში, კუნცევოს სასაფლაოზე, რამონ ლოპესის სახელით



გამოყენებული მასალები:
  •  ი. მუსკიტროცკის მკვლელობა 
  • ფ. რაზაკოვიტროცკის მკვლელობა 
  •  სვ. ხვოროსტუხინატროცკის მკვლელობის საიდუმლო 
  • Wikipedia : სტატიები:  Меркадер Рамон; Nahum Eitingon; Убийство Троцкого.

No comments:

Post a Comment